შხამი ფხლოვანაში – კარტოფილის (Solanum tuberosum L.) ფოთლების გამოყენება საქართველოსა და გოლობოროდოში (აღმოსავლეთი ალბანეთი)

რაინერ ვ ბუსმან, ნარელ ი პანიაგუა ზამბრანა, შალვა სიხარულიძე, ზაალ კიკვიძე, დავთ ქიქოძე, დავით ჭელიძე, მანანა ხუციშვილი, ქეთევან ბაცაცაშვილი, რობი ე ჰარტ, ანდრეა პიერონი

Abstract


შესავალი

ეს სტატია ეყრდნობა ორი დამოუკიდებელი ეთნობოტანიკური კვლევის შედეგებს, რომლებიც ჩატარდა საქართველოსა და ალბანეთ/მაკედონიაში. ეს კვლევები ნაწილიაუფრო ფართო კვლევითი პროექტისა, რომლის ფარგლებში ჩატარდა მოსახლეობის გამოკითხვა მცენარეთა ტრადიციული გამოყენების შესახებ. როცა ამ ორ რეგიონში შეგროვებულ მასალას ვიხილავდით, აღმოვაჩინეთ საინტერესო მსგავსი ცნობები კარტოფილის (Solanum tuberosum L.) ფოთლების გამოყენების შესახებ, რაც ადრე არასდროს ყოფილა ამ რეგიონებისათვის ერთიანად დოკუმენტირებული და გადავწყვიტეთ გაგვეერთიანებინა ეს მასალა ამ სტატიაში. კარტოფილი ორივე რეგიონში ზღვის დონიდან ყველა გამოკვლეულ სიმაღლეზე (500-2335 მ) ითესება  — ჩვეულებრივ საკვებად იყენებენ ტუბერებს, ფოთლები კი შხამიანად ითვლება (Turner and von Aderkas 2009). ჩვენი ჰიპოთეზის თანახმად კარტოფილის ფოთლების საკვებად გამოყენება ხდება მაღალმთის მივარდნილ სოფლებში, იქ სადაც გრძელი ზამთრის შემდეგ გაზაფხულზე სხვა მწვანე საკვების ნაკლებობაა; მაგრამ, ეს ჩვეულება გაქრა მას შემდეგ, რაც სოფლები გზებით დაუკავშირდა ბარს და შესაძლებელი გახდა მოსახლეობის მწვანე საკვებით მომარაგება.

დღევანდელი საქართველოს ტერიტორია (Fig. 1) ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული განუწყვეტლივ იყო დასახლებული, სოფლის მეურნეობა კი ახალი ქვის ხანაში განვითარდა  (Javakhishvili 1987). დასავლეთის ქვეყნებში საქართველოს იცნობენ როგორც „გეორგია“-ს, რაც  ძველბერძნულად (γεωργία) მიწათმოქმედთა ქვეყანას ნიშნავს(Javakhishvili 1987). ადამიანები საქართველოს ტერიტორაზე ადრეულ პლეისტოცენში გამოჩდნენ: 1,7 მილიონი წლის ნამარხები, აღმოჩენილი დმანისში, ადამიანისმაგვარი არსების პირველი კვალია აფრიკის გარეთ (Gabunia and Vekua 1995; Gabunia et al. 2000; Finlayson 2005). მომდევნო ეპოქებიც — შუა (ნეანდერტალელები) და ზემო ძველი ქვის ხანა (თანამედროვე ადამიანები) ასევე კარგადაა დოკუმენტირებული (Adler and Bar-Oz 2009). ახალი ქვისა და ბრინჯაოს ხანის ძეგლები მდიდარია ნამარხი ველური თუ ადგილობრივი კულტურული მცენარეული მასალითა და თესლით (Melikishvili 1970). უძველესი ყურძნის წიპწები, რომელთა ასაკი 8000 წელია,  სამხრეთ საქართველოშია აღმოჩენილი, რაც იმ დროს უკვე ღვინის დაყენების ცოდნის არსებობაზე მიუთითებს (Ramishvili 1988). მიწათმოქმედების ძალზე ხანგრძლივმა ტრადიციამ და ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნებამ განაპირობა ადგილობრივი ჯიშებისა და შემოტანილი კულტურების დიდი მრავალფეროვნება (Bussmann et al. 2014), რაც უწინდელ შრომებშიცაა დოკუმენტირებული (Ketskhoveli 1928, 1957; Dekaprelevich and Menabde 1929; Menabde 1938, 1948; Ketskhoveli, Ramishvili and Tabidze 1960). მაგრამ ამ დიდი მრავალფეროვნების, განსაკუთრებით კი მარცველული კულტურებისა და სელის ჯიშების გადაშენება დაიწყო გასული საუკუნის 50-იან წლებში საბჭოთა რეფორმების გამო (Akhalkatsi 2009; Akhalkatsi et al. 2010). თანაც, მიუხედავად კვლევის ხანგრძლივი ისტორიისა, თანამედროვე შრომები კულტურულ მცენარეებზე ძალიან ცოტაა (Zhizhilashvili and Berishvili 1980; Pistrick et al. 2009).

მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ალბანეთი და ჩრდილო-დასავლეთ მაკედონია მრავალი ასეული კილომეტრითაა დაცილებული საქართველოს (Fig. 1), ეს ტერიტორიები ხასიათდება მსგავსი გარემოთი და ყოფითი ჩვეულებებით. ისევე, როგორც მთიან საქართველოში, მოსახლეობას თავი გააქვს მცირე მეურნეობებითა და მესაქონლეობით. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სეზონურად მიგრირებს ქალაქებში, ზოგ შემთხვევაში სოფელს უბრუნდებიან მხოლოდ რამოდენიმე თვით გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში. ალბანეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, გოლობოროდო და მთელი აღმოსავლეთ ალბანეთი (პეშკოპია და კუკესი)  არა მარტო ამ ქვეყნის, არამედ ზოგადად ევროპის უღარიბესი რეგიონებია. ამჟამად გოლობოროდოს სოფლებში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა თითქმის ყველა მუსლიმანია, მაშინ როცა 1990-იან წლების მაკედონიის სოფლებში ბევრი იყო მართლადიდებელი ქრისტიანიც. მაკედონურ დიალექტზე დღეს 3000 მოსახლეზე ნაკლები ლაპარაკობს. აღმოსავლეთ ალბანეთისა და დასავლეთ მაკედონიის კლიმატი კონტინენტურია განსაკუთრებით ცივი და უხვთოვლიანი ზამთრით.


Full Text:

PDF


Ethnobotany Research and Applications (ISSN 1547-3465) is published online by the Department of Ethnobotany, Institute of Botany, Ilia State University.
All articles are copyrighted by the author(s) and are published online by a license from the author(s).